რეგისტრაცია ჩვენს რეისებზე იწყება ფრენამდე 3 საათით ადრე და სრულდება ფრენამდე 50 წუთით ადრე. ზოგიერთ შემთხვევაში რეგისტრაცია სრულდება ზემოაღნიშნულ დროზე ადრე. იხილე აეროპორტების ჩამონათვალი, სადაც რეგისტრაცია ჩვეულებრივზე ადრე სრულდება:
- თელ-ავივი - ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
განსაკუთრებული მოთხოვნის, საჭიროების ან წინასწარ დაჯავშნილი სპეც. მომსახურების არსებობის შემთხვევაში, რეგისტრაციის დაწყება საჭიროა აეროპორტში რეგისტრაციის დაწყებისთანავე, რათა პროცედურები შესრულდეს დროულად.
რეგისტრაციის და ჩასხდომის ადგილზე მგზავრის დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანია თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან - ფრენა არ გადაიდება მგზავრის დაგვიანების გამო. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგვიანებული მგზავრი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.
ჩასხდომამდე დარწმუნდით, რომ აუცილებელი და ღირებული ნივთები (წამალი, ძვირფასეულობა და სხვა) მოთავსებული გაქვთ ხელბარგში და არა ჩასაბარებელ ბარგში.
რეგისტრაცია ინტერნეტით
რეგისტრაცია ინტერნეტით შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ფრენის დადგენილ დრომდე არაუგვიანეს 48 საათისა და არა უადრეს 4 საათისა.
ინტერნეტით რეგისტრაცია ხელმისაწვდომია:
- დადასტურებული ჯავშნისა და ელექტრონული ბილეთების მქონე მგზავრებისთვის.
- მგზავრისთვის, რომელიც ფლობს ჯავშანს არაუმეტეს 9 პირზე.
ინტერნეტით რეგისტრაცია არ არის ხელმისაწვდომი:
- ჯგუფური ჯავშნისთვის.
- სპეციალური კატეგორიის მგზავრთათვის.
- პირებისთვის, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად მგზავრობენ.
ინტერნეტ რეგისტრაციისას შესაძლებელია ფასიანი ადგილის შეძენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი თვითმფრინავში განისაზღვრება ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანი პირობები:
- აუცილებელია იქონიოთ ამობეჭდილი ჩასხდომის ბარათი.
- ჩასაბარებელი ბარგით მგზავრობისას აუცილებელია მისი დატოვება შესაბამის დახლთან გამგზავრების დრომდე სულ მცირე 1 საათით ადრე.
- თქვენი საბუთები და ჩასხდომის ბარათი უნდა წარადგინოთ გეითზე გამგზავრების დრომდე სულ მცირე 50 წუთით ადრე.
ზოგიერთი აეროპორტი არ იღებს ინტერნეტ რეგისტრაციით გაცემულ ჩასხდომის ბარათს, ამიტომ მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ უნდა შეცვალოთ ის რეგისტრაციის დახლთან (Check-in counter) მათი სამუშაო საათების განმავლობაში.
ჩასხდომა
ჩასხდომა ბოლო ეტაპია გამგზავრებამდე. ის იწყება აფრენამდე 50 წუთით ადრე. შეამოწმეთ აეროპორტის მონიტორები თქვენი ფრენის ნომრის მიხედვით - გეითი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
პასპორტი და ჩასხდომის ბარათი იქონიეთ მზა მდგომარეობაში. გეითთან გამოცხადდით დროულად - ჩასხდომა სრულდება გაფრენის დრომდე 15 წუთით ადრე. დაგვიანებული მგზავრები თვითმფრინავში არ დაიშვებიან.
ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვები
ჩვილები (2 წლამდე)
ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ცალკე სამგზავრო ადგილი არ არის განკუთვნილი. ისინი ფრენის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კალთაში და უზრუნველყოფილნი იქნებიან ჩვილის უსაფრთხოების ღვედით.
- დასაშვებია მხოლოდ ერთი ჩვილი თითო სრულწლოვან მგზავრთან ერთად (თუკი ოჯახის წევრია - სულ მცირე 16 წლის).
- 7 დღემდე ასაკის ახალშობილები შესაძლოა არ იქნან დაშვებული ფრენაზე.
- ჩვილს, რომელსაც მგზავრობისას შეუსრულდა ორი წელი, უნდა მიენიჭოს ინდივიდუალური სამგზავრო ადგილი.
ბავშვის ეტლი:
- ბავშვის ეტლის ტრანსპორტირება უფასოა.
- შესაძლებელია ეტლის თვითმფრინავის შესასვლელამდე მიტანა.
- რეგისტრაციისას ეტლს მიენიჭება ეტიკეტი და განთავსდება საბარგო განყოფილებაში „delivery at aircraft“ ნიშნით.
ბავშვები (2-დან 12 წლამდე)
2-დან 12 წლამდე ბავშვი ითვლება მცირეწლოვნად. მათთვის გაიცემა ჩვეულებრივი სამგზავრო ბილეთი შესაბამისი ტარიფით და ისინი იკავებენ ინდივიდუალურ ადგილს საჰაერო ხომალდში.