საზღვრის კვეთის ახალი მოთხოვნა

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა.

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ამასთან, სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

სადაზღვევო პოლისში საჭიროა აღნიშნული იყოს შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.

ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა უნდა მოიცავდეს ტურისტის ქვეყანაში შემოსვლის და ქვეყნის დატოვების პერიოდს.

აქვე, „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი.

შენიშვნა: ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ტურისტი განმარტებულია შემდეგნაირად: „ვიზიტორი, რომელიც მოგზაურობს ბიზნესის, დასვენების ან სხვა პირადი მიზნით, სულ მცირე ღამის თევით და არა უმეტეს 1 წლით, გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა.“